სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია

დიდი წმიდა მარხვა

ეს მარხვა, თავის მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისგან. მისი შესრულებით
ჩვენ ვემზადებით ყველაზე ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

1. მომზადება დიდი მარხვისათვის

ეკელესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს.
დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილისა, ხორცთა აკრებისა და საშინელი
სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.

ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა
ეს კვირა მსგეფსია (ოთხშაბათი და პარასკევი - ხსნილი). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს
იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14. 12-14). თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად
უღირსი ადამიანისა - მეზვერესი [1], შეიწყალა იგი და, სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი [2],
რომელიც ღმრთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით,
ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.

ბ) კვირა უძღები შვილისა
საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკა 15. 11-13) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი.
რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა,
მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან, ეს ბოლო შვიდეულია,
როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია.

გ) ყველიერის კვირა, ხსენება საშინელი სამსჯავროსი, ხორცის აკრება
მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია,
მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.
საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამჯავროს ახსენებს; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს,
მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმ. ეფრემ ასურისა - „უფალო და მეუფეო..."
რომელიც დიდ მარხვაში ყოველდღე იკითხება (შაბათ-კვირის გარდა).

დ) შენდობის კვირიაკე
დიდი წმ. მარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ეგრეთწოდებული შენდობის, ანუ მიტევების კვირიაკით (კვირა დღით).
დილით საკვირაო წირვაზე ეკლესია მოიხსენიებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც
ტაძრის ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით.
ამ ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ქადაგების შემდეგ ყველასაგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას,
თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე სათითაოდ მიდის ჯერ მღვდელთან,
შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეს რიტუალი სიონის საპატრიარქო ტაძარში,
სადაც თვით პატრიარქი მუხლებზე დამდგარი მთელი ერისაგან შენდობას ითხოვს. ამ დღეს, ადგილობრივ ტაძარში ლოცვის ჩატარების შემდეგ,
ყველა მოძღვარი ცდილობს თავის მრევლთან ერთად მივიდეს სიონში და პატრიარქისაგან შენდობა მიიღოს. ყოველი ქრისტიანი უნდა ეცადოს,
მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ეკლესიისაგან, მშობლებისაგან, შვილებისაგან, ყველა ახლობელისაგან და განსაკუთრებით იმათგან,
ვინც მასზე გულძვირადაა.

ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ მავანი მასზე უმიზეზოდაა ნაწყენი და ის თვითონ არის დამნაშავე: ან, თუ არ ახსოვს,
რომ მოყვასისთვის ეწყენინებინოს, მისთვის პატიების თხოვნა არ არის საჭირო. ეს ასე არ არის. ჯერ ერთი,
სახარების სწავლების მიხედვით, კონფლიქტის დროს ორივე მხარე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ხედავს ადამიანი ამას თუ-ვერა;
მეორეც ის, რომ ჩვენ ხშირად ადამიანებს უხეში საქციელით ვაყენებთ ტკივილსა და წყენას და ვერც კი ვხვდებით ამას, მესამეც ის,
რომ შეიძლება ადამიანს უშუალოდ არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ჩვენი ყოველი ცუდი საქციელი, ყოველი ცოდვილი
ფიქრი ხილულად და უხილავად სხვა ადამიანებზე გადადის მით მეტად, რაც უფრო ახლოს არიან ისინი ჩვენთან; და ბოლოს,
თუნდაც მოყვასს არაფერს ვუშავებდეთ, მის წინაშე მაინც დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, რამეთუ არ ვუკეთებთ იმას,
რაც გვევალება მის მიმართ. გევალება კი განუზომლად მეტი იმაზე, რასაც ვასრულებთ: შევიყვაროთ ერთმანეთი ისე,
როგორც უფალმა იესო ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ (იოანე 13.34).
ასეთი სინანულით უნდა იწყებოდეს ყოველი ქრისტიანის მარხვა.

2. დიდმარხვის პირველი კვირა

მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას.
ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში
ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი
აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლიდან", სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:

„უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო;
მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ;
საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა..."

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ზომიერების
გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს!
უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლებელნი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს სურვილი ზედაპირული და ცალმხრივია.
ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა.
ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენს პაპებზეც ბევრად უძლურნი ვართ;
მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად სავალალო
შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც ზემოთმოყვანილ ნაწყვეტში ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს.

ასე რომ, თუ, ერთ მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორე მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა,
ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად
უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს.

ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პერიოდში კვირაში ჭამს
დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს, ხოლო ვისაც ეს უჭირს - ზეთიანს და დღეში სამჯერ; თუ შეძლებს ასეთმა
ადამიანმა სასურველია ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ზეთისაგან.

რაც შეეხება ლოცვას დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის
მოკლე სავედრებელს „უფალო და მეუფეო..." ოთხი სრული მეტანიით.

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ვინც მარხვას ინახავს, სასურველია,
მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება,
წავიკითხოთ ზიარების ლოცვაბი და კვირის წირვაზე უზმოდ მოვიდეთ; ე. ი. თუ სხვა დროს ზიარების წინ საჭიროა რამდენიმე დღე
მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ,
თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბათსა და კვირას, გარდა ამისა,
მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთ წოდებული წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა,
როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.

პირველი ოთხი შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე „ხორციელის" შაბათი ანუ „კორკოტობა" არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები;
ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი. შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება.
ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.

3. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური
დიეტა დაუნიშნა. ასეთ შენთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს
ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება
მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი
თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო
არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის
დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

როგორც ავღნიშნეთ, დიდი წმიდა მარხვა ყველა სხვა მარხვაზე საძნელოა, მაგრამ შემწეობაც მეტი გვეძლევა უფლისგან.
ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა - სრულიად
საქართველომ ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმინდა. ამინ.

4. დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე

დიდი მარხვა მეორე კვირიდან ვნების შვიდეულამდე შემდეგნაირად უნდა წარვმართოთ: ვისაც შეუძლია, საკვები მიიღოს
დღეში ორჯერ (ან სამჯერ). მკაცრი მარხვა შეიძლება მხოლოდ ოთხშაბათობით და პარასკევობით, როდესაც ვიკვებებით
ასევე ორჯერ (ან სამჯერ), მაგრამ ვცდილობთ ზეთს მოვერიდოთ. შაბათს-კვირას ჩვენ ტრაპეზს შეიძლება სადღესასწაულო
ელფერი მივცეთ ხოლმე, რაც გამოიხატება, საჭმლის მრავალფეროვნებასა და ცოტაოდენი ღვინის დალევაში.
ლოცვითი კანონი იგივეა, რაც პიველ კვირაში. ე. ი. დილასა და საღამოს ლოცვების შემდეგ უნდა წავიკითხოთ
წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო"... ოთხი მატანიით.

5. „ლაზარეს შაბათი" და „ბზობა"

მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული „ბზობა" - იესო ქრისტეს დიდებით
შესვლა იერუსალიმში (მათე 21. 1-11), რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ
უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის,
ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11. 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ
„სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან" („ქება და დიდება ქართული ენისა").
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს
აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც.
ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც
იესო ქრისტეს მწვნე რტოებს ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.
წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია
ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.

6. ვნების შვიდეული

ა) ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი
ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში
მოხდა წმ. ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად მკაცრად ვმარხულობთ.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა,
რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.
ბ) „დიდი ხუთშაბათი"

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე,
ე.წ. „დიდი ხუთშაბათი", ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ
მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22,8-20).
ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, სიონის საკათედრო ტაძარში
ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.
ამავე დროს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათალიკოს პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს
და ბანს ფეხებს. ამით ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13,4 - 10).
დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო" აღარ იკითხება.
გ) „დიდი პარასკევი"

„დიდი პარასკევი" ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა
კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი,
ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან,
წმ. იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.
ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას,
მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.
ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.
დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე. წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება" - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.
საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება", ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.
სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.
დ) „დიდი შაბათი"

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს" ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება
ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ.ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის
გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოა მკაცრი მარხვა;
ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისთვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს,
როგორც უკვე ავღნიშნეთ, აღარ იკითხება წმ. ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.
ღმერთმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ძალა, წმიდად გავატაროთ დიდი მარხვა; ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ
ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ამინ!

7. ზეთის კურთხევა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება", როგორც მას დღეს უწოდებენ.
ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა,
როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს"
(მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმ. მოციქული იაკობის სიტყვებშიც ჩანს:
„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა
უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხონოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს,
მოვეტეოს მას" (იაკობი 5, 14-15).
აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.
ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში,
როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკ. 2. 1-12).
დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა,
წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა,
ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია ორივე შემთხვევაში
საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისათვის,
შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.
სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწრიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას
ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.
ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამს.
სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს
გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.
ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან, ამინ.

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 185
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2024