სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია

ლოცვის დროს პირჯვრის წერისა და მეტანიის შესახებ

გარეგნულად ლოცვითი გრძნობა ვლინდება პირჯვრის გამოსახვითა და მეტანიით.

პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელით. ამისთვის ვავრთებთ პირველ სამ თითს ერთად, ხოლო ორ დანარჩენს. ე.წ. უსახელოს და ნეკს, ვხრით ხელის გულზე. სამი ერთად შეერთებული თითით ვეხებით შუბლს, შემდეგ ვიდებთ მკერდს ქვემოთ, შემდეგ - მარჯვენა და მარცხენა მხარზე, რითაც ჩვენს სხეულზე ჯვარს გამოვისახავთ, ხელის დაშვებიs შემდეგ, თავს ვიდრეკთ.

სამი თითის შეერთება აღნიშნავს ჩვენს რწმენას წმინდა სამებისადმი - მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმინდა ღმერთისადმი; ორი მოხრილი თითი კი აღნიშნავს ჩვენს რწმენას ძე ღმერთის - იესო ქრისტესადმი, რომ მას აქვს ორი ბუნება - არის ღმერთი და კაცი, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცდა ანუ ინება ამ ქვეყნად ადამიანად დაბადება.

პირჯვარს ვიწერთ შუბლზე, რათა ჭეშმარიტი რწმენის და ჯვრის ძალით განვიწმინდოთ ჩვენი გონება და აზრები, მკერდს ქვემოთ - რათა განვიწმინდოთ გული და გრძნობები, მხრებზე - რათა განვიწმინდოთ ხორციელი ძალები და მოვიწვიოთ კურთხევა ჩვენს ხელთა საქმეებზე.

პირჯვრის გამოსახვას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს: ქრისტეს ჯვარი, თავისი გარეგნული ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა. ღვთისა და მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია; მარტო ჯვრით იდიდება ღმერთი, სხვანაირი დიდება მას არ ნებავს; სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც და ღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ როდესაც ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელის მოწოდება და დიდება: „დიდებაა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", მორწმუნენი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას - მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებელად ღვთისა.

ლოცვის დროს პირჯვარს ვიწერთ ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე ღვთისაგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისგან ღვთის წინაშე მეოხების თხოვნისა და მათი დიდებისას.

პირჯვარს ვიწერთ ერთხელ, დინჯად და ღვთისმოშიშებით. ასე, მაგალითად: 3-ჯერ ან 12-ჯერ „უფალო, შეგვიწყალენ"-ზე, რის შემდეგაც კვლავ განვაგრძობთ ლოცვას.

მეტანია ორი სახისაა - დიდი და მცირე.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.

მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე, როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები [*]. ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს.

 


[*] – მუხლდრეკა არ სრულდება შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვიდან კვირა საღამოს მწუხრის ლოცვამდე (იხ. დიდი სჯულის კანონი, I მსოფლიო კრების მე-20, VI მსოფლიო კრების 90-ე და წმ. პეტრე ალექსანდრიელის მე-15 კანონები), რადგან კვირა არის აღდგომის დღე და ჩვენი ფეხზე დგომით მივანიშნებთ დაცემული ადამიანური ბუნების აღდგინებას, აღმართებას მაცხოვრის მიერ. გარდა კვირა დღეებისა, მუხლდრეკა აგრეთვე არ სრულდება შემდეგ დღეებში: ქრისტეს შობის დღესასწაულიდან ნათლისღების დღესასწაულამდე, აღდგომიდან უფლის ამაღლების დღესასწაულამდე, და ფერიცსვალების დღესასწაულზე.

კალენდარი
«  ნოემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 183
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2017