Персональный сайт - კათოლიკოს პატრიარქი
                                                               სურათი 1...ბრილი...
საიტის მენიუ
...ბრილი...
ვაი რაკარგი საჩინო
ბერის ანდერძი
ნარკომანია

უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

ეს ყველაფერი არის მცირე ნაწილი იმისა, რაც განხორციელდა მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით.


უწმინდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა".

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს".

 



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ
წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს

25 დეკემბერი, 1977 წ.

საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა.

მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.

მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.

თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.

ქართველ ერს დღემდე შერჩა ცხოვრების ორომტრიალისაგან გამობრძმედილი მრავალმხრივი შინაგანი ენერგია. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ მასზე ღვთით მინიჭებული ეს დიდი მადლი და შევეცადოთ, რომ ხალხმა სასახელოდ გამოიყენოს იგი, ქრისტეს მრძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში. ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის. სარწმუნოების სიყვარული ქართველი ერისა, მისი სულიერი ენერგიიდან გამომდინარეობდა და იმავე ენერგიით უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმაც „ახალი აღთქმის" სიბრძნე. ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს, იშრომოს და იცხოვროს, რომ მის ცოდნას და ცხოვრებას ღვთის ზეგარდმო ნათელი ადგეს და ამავ კურთხეული ქვეყნიდან ემზადებოდეს მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის.

ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.

ჩვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. აქ უმთავრესი აღვნიშნე მხოლოდ. მაგრამ ცოტა რამ სხვა საკითხებზეც უნდა ვთქვათ...

ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს... წარმოუდგენელია ქრისტიანი სიკეთის გარეშე... ვერც სიყვარული, ვერც სასოება ვერ იარსებებს სიკეთის გარეგან. ვერც სათნოება და ვერცა მშვიდობა ვერ დამყარდება კაცთა შორის, სიკეთის გარეშე. სიკეთის მადლი უნდა დამკვიდრდეს და განმტკიცდეს ჩვენს ერში. და არა მარტო ჩვენს ერში! უკეთურობა უნდა მოვსპოთ. სიკეთის ნათელი უნდა უძღვოდეს მუდამ ჩვენს საქმიანობას.

უნდა მევეხო შრომის საკითხსაც... შრომის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ვერც მშვიდობას მოვიპოვებთ შრომის გარეშე, ვერც სარწმუნოებას განვიმტკიცებთ, ვერც სასოებას მოვუმზადებთ რაიმე საფუძველს, ვერც სიყვარულს მივწვდებით. დიდი ილია ჭავჭავაძე თავის „აჩრდილში" კავკასიონის თეთრი მთებიდან ადიდებდა შრომის სუფევას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ისე ავამაღლოთ მოყვასთა სულიერი სისპეტაკე, რომ შრომა ყველასათვის მომავლისა და სასოების წყაროს წარმოადგენდეს.

ჩვენ, იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ წმინდა ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება. ასეთი მთლიანობის აუცილებლობა აწუხებდა ალბათ მოციქულ პავლეს, როდესაც კორინთელებს მისწერა: „ხოლო გლოცავთ თქვენ, ძმაო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალებაი, არამედ იყავით განმტკიცებულნი მითვე გონები თა და მითვე მეცნიერებითა" (1 კორინ. 1,10). იქ, სადაც მთლიანობა ირღვევა, ირღვევა ერთმანეთის სიყვარულიც, ძირი ეთხრება სასოებასაც, სუსტდება სარწმუნოებაც. გამთიშველობა იგივე ცოდვა და ბოროტებაა და ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, არ დავუშვათ ასეთი ბოროტება. ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მამათმთავარი და მღვდელმთავრები, პატიოსანი მღვდლები და ყველა მსახური ეკლესიისა; ჩვენ გარშემო კი, ჩვენთან ერთად უნდა იდგეს ყველა მორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც არამორწმუნე დაინახავს ასეთ მთლიანობასა და სიტკიცეს, ისიც მოაკითხავს ჩვენს ურღვევლობას, ეზიარება იმ სიბრძნეს, რომელსაც მაცხოვარმა „ახალი აღთქმა" უწოდა.

მაშ ასე, შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო ძვირფასო სამწყსოვ!

შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა. „მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაი თქვენ ყოველთა თანა, ამინ" (2 კორინ. 13,13).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვა
აღსაყდრებისას, სადღესასწაულო ტრაპეზზე

25 დეკემბერი, 1977 წ.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატიოსანო მამანო და ძმანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!

ჩვენ, ყველა ასეთ საქმეში, ღვთის ნებას ვხედავთ, მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას; ნათლით მოსილ სიყვარულს ყველა მათდამი, ვისაც მან თავისი წმინდა სული ჩაჰბერა და სიცოცხლე მიანიჭა. ღვთაების ამ დიდმა სიკეთემ, მე, მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ერის წინაშე, როგორც მსახური მისი და აღმსრულებელი ყოვლად მაღალის ნებისა; ამის რწმენამ მოიყვანა დღეს სვეტიცხოველში ღვთისმოყვარე ქართველი ერი, მოძმე რუსეთის დიდი ეკლესიის მესვეურნი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი პიმენის მამათმთავრობით.

ასეთივე მეგობრობის გრძნობამ მოიყვანა დღეს ჩვენს დედაქალაქში მოძმე სომხეთის უმაღლესი პატრიარქი ვაზგენ I...

მივესალმებით ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, უნეტარეს ნიკოლოზ VI-ის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ გრიგორიოსს; ჩვენს ეკლესიას ახსოვს მისი უნეტარესობის, ნიკოლოზ VI-ის ჩამობრძანება სოხუმის ეპარქიაში. ვთხოვთ, არქიმანდრიტ გრიგორიოსს, პატივი დაგვდოს და გადასცეს მის უნეტარესობას, რომ საქართველოს ეკლესია თავის მომავალ საქმიანობაში დაინტერესებული იქნება, იქონიოს უახლოესი კავშირი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიასთან. ჩვენ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ ნაუმს. ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებს ძმური ურთიერთობა აქვთ. ჩვენი ეკლესია სიამოვნებით იგონებს ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის, უწმინდეს მაქსიმეს ჩვენს ქვეყანაში ყოფნას. ვთხოვთ არქიმანდრიტ ნაუმს, გადასცეს მის უწმინდესობას ჩვენი კეთილი სურვილები.

გვწამს, რომ მთელი ჩვენი მოღვაწეობითა და სულიერი მრწამსით მუდამ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ერთან.

ძვირფასო სტუმრებო, ჩემო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს პერანგი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი ვართ, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც წმინდა მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა უქადაგეს ქრისტიანობა; ასეთი წარსული გვავალებს, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, ან საუბარი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ!

ჩვენც, ამ საზეიმო დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.

ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა.

„მშვიდობა ძმათა და სიყუარული სათნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" (ეფეს. 6,23), ამინ!

ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში,
ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება უბოძა


მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!

ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!

ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.

უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?

ვითარ სახელ გსდვა? არა უწყი. დამიდუმდა ენა ჩემი წინაშე დიდებისა შენისა. ვიცი ოდენ, რომ ჩვენთანა ხარ და არა განგვეშორები, რომ ხარ დაუსაბამო და უსასრულო სიყვარული, რომ თბილა შენთან და გარეშე შენსა არა არს ცხოვრება ჩვენი.

წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა შენითა! დიდებაი შენი, ვითარცა სიყვარული შენი, დაუტეველი შენში, ეფინება ყოველსა ქმნულსა შენსა. და ჩვენც მდაბალნი ზიარებულნი მადლსა შენსა დიდებისასა ვმაღლდებით უფალო, ვიწმიდებით, მამაო ჩვენო.

მსგავსად წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, მე, ცოდვილი მონა შენი, ილია II, ყოველთა ქართველთა სახელით ვხმობ: „დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის", გადიდებ შენ, რომელი ყოველგან ხარ, რომელი ხარ ჩვენთან და რომლისა წიაღშიც ვართ ჩვენ, გადიდებ შენ, რომელმან სავანედ თვისსა აღირჩიე გული ჩვენი და მუნითგან გვსწავლი და გვწვრთნი, ვითარცა ასწავებდი მოსეს და ელიას ქორების წმიდასა მთასა ზედა.

გადიდებ შენ და გმადლობ შენ, მოწყალეო, რამეთუ გვქმენ მსგავსად შენდა, რამეთუ მოგვანიჭე ენა ქართული და რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა, მოგვფინენ ნათელი გონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!

გარნა რაი არს ჭეშმარიტი? ადამის მოდგმა დასაბამიდან ეძიებდა მას. ერნი მრავალნი, ჩვენზე ძლიერნი, მოსწყდნენ და აღიხოცნენ პირისაგან მიწისა მის ძიებაში. ჩვენზე მოიღე მოწყალება სახიერო და გამოგვიცხადე თავი შენი, და ოდეს კაცობრიობას მოუვლინე ძე შენი საყვარელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შენი კურთხევით, შენი წყალობით ერმა ჩემმა ისმინა მისი, შეისისხლხორცა მცნებანი მისნი შენგნით ბოძებულნი, სიყვარულით იტვირთა უღელი მისი ტკბლი და ტვირთი მისი სუბუქი. ამისთვის გმადლობთ შენ, რამეთუ მოძღვრავდი და მოძღვრავ ხალხსა ჩემსა, ატარებ რა მას გზითა მით შენითა იწროითა, ვითარცა ატარებდი ერსა ისრაელისასა უდაბნოთა შინა.

გმადლობ მამაო უფალო, რამეთუ გვრწამს და აღვიარებთ, სულსა წმიდასა შენგნით გამომავალსა, სულსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა შენითა; რომელი არს უძლურთა მკურნალი, დაცემულთა საყრდენი, ნაკლულევანთა სრულმყოფელი. გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, აღმავსებელო ჩვენო ძალითა შენითაო.

და კვლავ გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, იმ მრავალთა წყალობისათვის, რომელი გარდმოავლინე, თავსა ზედა ჩემსა, რომე დამადგინე მოძღვრად ერისა შენისა ივერიისა. ხოლო დღეს მონა შენი ცოდვილი ღირს მყავ ხილვად წმიდისა მთისა ამისა და თაყვანისცემად დიდისა სიწმიდისა მისისა.

„ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ", - ბრძანეხს მაცხოვარი და იტყვის ესე: „რასაცა ითხოვდით მამისაგან სახელითა ჩემითა, გეყოს თქვენ". მამაო სახიერო, გევედრები სახელითა ძისა შენისათა, ნუ განეშორები ერსა ჩვენსა, შეცოდებათა გამო ჩვენთა; მოგვიძიენ ვითარცა მამაი მოიძიებს ძესა თვისსა წარწყმედულსა; შეგვინდევ ურწმუნოებაი, გულფიცხობაი, ამპარტავნებაი, შური და ვერცხლისმოყვარებაი, გეაჯებით, აღხოცენ ცოდვანი ჩვენნი და განკურნენ სულნი ჩვენნი ვნებულნი. მოგვმადლე, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ძალი წყლისა და ძლიერებაი ცეცხლისა, აღგვავსე მადლითა ყოვლადწმიდისა სამებისა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა შინა შენსა, სულიერად განამტკიცე მთავრობა ჩვენი, გვაკურთხე მშვიდობითა, უფალო, მოგვფინე სული სიწმიდისაი, თავმდაბლობისაი და მოთმინებისაი.

განამრავლენ შვილნი და შვილთა შვილნი ჩვენნი, გული წმიდაი დაბადე მათ შორის, სული წრფელი განუახლე გვამსა მათ შინა.

აკურთხე გვირგვინი ქორწინებულთა და სიყვარულითა განამტკიცე კავშირი მათი, ცოდვანი სიჭაბუკისა და უმეცრებისანი შეუნდევ და ნათელ ჰყავ მომავალი მათი.

სრულასაკოვანთა მიჰმადლე გული ბრძენი და მოწყალე, გონება საღი, რათა გიცნან შენ და აღასრულონ ნებაი შენი.

მხცოვანთა წელნი აკურთხენ სიმშვიდითა. განამრავლენ მოდგმა მათი, ცხოვრება მათი სათნო ჰყავ, რათა უშფოთველად შეერთონ საუკუნეთა.

გევედრები უფალო, განუნათლე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყნისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა შენსა ივერიისასა.

დალოცე ჩვენი მშრომელი ხალხი, ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე. ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული და სიწმინდე მიანიჭე მათ.

ღმერთო, განამტკიცე და განაძლიერე ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესია და მღვდელმსახურნი მისნი, ყვენ იგინი ნათელ ერისა, აღადგინე ტაძარი და მონასტერნი ჩვენნი და შეგვკრიბე საფარველსა ქუეშე შენსა.

გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: „რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".

მერმეცა გევედრები ღმერთო, რათა მოიხსენო სასუფეველსა შენსა სულნი ქართველთა მოღვაწეთა სინას მთისათა, გევედრები, რათა მოიხსენო მეფენი და დედოფალნი ჩვენნი, მამამთავარნი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელო და სამონაზვნო წესით აღსრულებულმი, პატიოსანი შრომით დაღლილნი, აღმშენებელნი ტაძართა და მონასტერთა, ბრძოლის ველზე მოწყევტილნი და ყოველნი შვილნი შენნი ქართველნი. დალოცე სავანენი ზეციურისა საქართველოისა, შეუნდე შეცოდებულთა და იხსენ ტანჯვისაგან, მოჰფინე მათ ნათელი შენი და სიყვარული შენი.

მუხლმოდრეკილი აღვავლენ ლოცვებს, უფალო, მშვიდობისათვის სოფლისა, რათა სუფევდეს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება: მამაო წმიდაო, გეაჯები, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი და დაგვიფარე ჩვენ!

დასაბამო და მიზეზო ყოვლისაო, არსთაგამრიგეო, სავსე დიდითა წყალობითა შენითა კვალად ვხმობ: „დიდება შენდა, უფალო, დიდება მენდა! დიდება შენდა შემოქმედო ჩვენო, მწყალობელო ჩვენო, დიდება შენდა! დიდება შენდა, ღმერთო ერისა ჩვენისაო, რომელმან დაწერე სახელნი ჩვენნი წიგნსა მას ცხოვრებისა კრავისასა!

„მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და, რომელი იყო და, რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოცხადება 1,8) მოვედ ჩვენთანა უფალო, და გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთო ჩვენო, ამინ



კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
...
ამინდის პროგრნოზი
საიტის შეფასება
...
სულ პასუხი: 142
საგალობელი
მეგობრები
+++
7მომაკვდინებელი ცო
ამპარტავნების შესა
666 მელა სიმბოლო ა
WWW.JEGA.UCOZ.COM © 2014 Create a website for free