4. სისწორით ავასრულოთ მათი ანდერძი, თუ ის ღვთის სჯულისა და სამოქალაქო კანონის წინააღმდეგი არ არის.
მშობლების
გარდა ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ხელმწიფეს, სულიერ მწყემსთა და
მასწავლებელთა, აღმზრდელთა და კეთილისმყოფელთა და ხნით უხუცესთა.
საღვთო წერილი ხელმწიფის პატივისცემაზე გვასწავლის:
"ღვთის გეშინოდენ, შვილო, და მეფისა, და ნურცა ერთსა მათგანსა წინ აღუდგები". "მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა".
არა კაც-ჰკლა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.
ყველა
მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან
სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.
სჯულის
დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს,
რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით
აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ
ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს.
ჩვენ
ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და
თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე.
არ იმრუშო.
ეს მცნება გვიკრძალავს:
მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგო და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს.
ამ
ცოდვაში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა განვეშოროთ ყოველსავე, რასაც შეუძლია
აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობა და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ,
ნაყროვანებას და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს, ურცხვ სიმღერას, ცეკვას,
თამაშსა და ხუმრობას.
ეს მცნება გვიბრძანებს: ცოლ-ქმართა ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთა – სიწმინდესა და უმანკოებას.
არ იპარო.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ქურდობა,
ანუ ფარულად სხვისი ნივთის მითვისება, გაძარცვა, ანუ ძალით სხვისი ნივთის
წართმევა; მოტყუება, ანუ ცბიერებით სხვისი საკუთრების მითვისება;
მკრეხელობა, ანუ მითვისება იმისა, რაც ღვთისათვის შეწირულია, ანუ ეკლესიას
ეკუთვნის; მექრთამეობა და მუქთამჭამელობა, როცა საქმისათვის გასამრჯელოს
იღებენ და საქმეს არ აკეთებენ, ანდა შეუძლიათ მუშაობა და არ მუშაობენ და
მოწყალებით ცხოვრობენ; ანგარება, როცა ავიწროებენ მოყვასს (სხვა კაცს),
სარგებლობენ მისი გაჭირვებით, მაგალითად, იღებენ დიდ სარგებელს.
მერვე მცნება გვასწავლის: უანგარობას, ერთგულებას, პატიოსნებას, მართლმსაჯულებას და ღარიბთა შეწყალებას.
არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ცრუ მოწამეობა სასამართლოში;
ცილისწამება, ესე იგი სიცრუით საჩივარი და ყოველივე სიცრუე.
ეს მცნება გვასწავლის: ყოველთვის უნდა ვამბობდეთ სიმართლეს.
არა
გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს
სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა,
არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს
მოყვასისა შენისა.
ეს
მცნება გვიკრძალავს: არა თუ ცუდ საქმეს, არამედ ცუდ სურვილსაც და ცუდ
ფიქრსაც, რომ ცუდმა ფიქრმა და სურვილმა არ მიგვიყვანოს ცუდ საქმემდე.
ამ მცნების წინააღმდეგი ცოდვაა შური.
ეს
მცნება გვასწავლის: რომ გვიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავი, და
გვინდოდეს სხვისთვის ყოველივე კარგი; კმაყოფილი ვიყოთ მით, რაც გვაქვს, და
დავიცვათ გულიწმინდად.